ყველაზე მასობრივი ტურნირი დასრულდა - მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი „ბასიანია“ #1TVSPORT
მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონი თბილისის „ბასიანის“ გამარჯვებით დასრულდა – გუნდი ფინალში „წყალტუბოს“ შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა.
„წყალტუბოსა“ და „ბასიანის“ დაპირისპირებას ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრმა უმასპინძლა. ანგარიში „ბასიანის“ ფეხბურთელმა ლადო ხიდეშელმა მე-14 წუთზე ეფექტური დარტყმით გახსნა. 27-ე წუთზე თბილისის გუნდის უპირატესობა გუგა ლეჟავამ გაზარდა. 76-ე წუთზე თორნიკე გურეშიძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ამგრამ „ბასიანის“ მოთამაშე არჩილ გაბელიამ ბოლო წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 „ბასიანის“ სასარგებლოდ.
ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ბასიანის“ კაპიტანი ლაშა სილაქაძე დაასახელეს, რომელმაც ანალოგიური ჯილდო პლეი ოფის ეტაპებზეც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, დავით სირაძე თამაშობდა.
ლიგის გამარჯვებული 2022 წელს უეფა-ს ტურნირზე, რეგიონთა თასზე ითამაშებს, რომელიც 2020 წელს პანდემიის გამო არ გაიმართა. ამ ტურნირზე 2018 წელს ფოთის „ჭაბონამამ“ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა ლიგა საქართველოში ყველაზე მასობრივი სპორტული ტურნირი იყო. მასში 400-მდე გუნდის 12 ათასამდე მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა.