ქვეყნის მასშტაბით არსებული ბავშვთა დღის ცენტრებიდან მზრუნველობა მოკლებული და დევნილი ბავშვებისთვის საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა, რომლის ფინალსაც რუსთავის ცენტრალურმა სტადიონმა ფეხბურთის საერთაშორისო დღეს უმასპინძლა.
ფესტივალში რვა გუნდი მონაწილეობდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე 2 წელია, რაც პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული მოძრაობა ჯანმრთელი და ნათელი მომავლისათვის” ახორციელებს და საქართველოს მასშტაბით 500-მდე ბავშვს საშუალებას აძლევს, რეგულარულად ივარჯიშონ და ითამაშონ ფეხბურთი.
“ფეხბურთის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული სიხარულით და ემოციებით აღვნიშნეთ რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც პროფესიული კარიერა დავიწყე. ამ პროექტის წყალობით, უკვე ორი წელია, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ და მათთვის ფეხბურთი ცხოვრების წესად იქცა.
ნიჭიერმა, მონდომებულმა და შრომისმოყვარე ბავშვებმა დადებითი ენერგიით აგვავსეს – ასეთი დღეების სიმრავლე და ამ ბავშვების ბედნიერება გვაძლევს ძალას დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ყველას მივცეთ საშუალება ითამაშონ ფეხბურთი” – ამბობს კობიაშვილი.