ყველაფერი გრიზმანის შესვლამ შეცვალა - მამარდაშვილმა „ვალენსია“ სიმეონეს „ატლეტიკოსთან“ ბევრჯერ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და დიეგო სიმეონეს მადრიდის „ატლეტიკოს“ წინაააღმდეგ ითამაშა ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩი, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

თამაშამდე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – „ვალენსიამ“ „მანჩესტერიდან“ წამოსული ედისონ კავანი დაიმატა, რომელიც გუნდს უდავოდ გააძლიერებს. ურუგვაელ ვარსკვლავს მადრიდელთა წინააღმდეგ არ უთამაშია, მაგრამ ტრიბუნაზე იჯდა და „მესტალია“ ოვაციებით მიესალმა.

ჩემპიონთა ლიგის მონაწილე და გასული სეზონის მესამეადგილოსანმა „ატლეტიკომ“ „ვალენსიას“ და შესაბამისად, ქართველ მეკარესაც საქმე არ მოაკლო. განსაკუთრებით აქტიური ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ალვარო მორატა იყო, რომელმაც პირველად მამარდაშვილის სიფხიზლე მე-2 წუთზე გამოსცადა, მაგრამ გიორგიმ საიმედოდ ითამაშა.

მე-5 წუთზე მამარდაშვილი როდრიგო დე პაულის შეტევას გადაეღობა. 24-ე წუთზე იუნუს მუსამ გაიტანა და „ვალენსიას“ ფეხბურთელები გოლს ზეიმობდნენ, მაგრამ VAR-ზე გადამოწმებისას ბურთი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე საჯარიმოდან ჟოაო ფელიქსმა დაარტყა – მამარდაშვილს ეფარებოდნენ და ბურთი გვიან დაინახა, მაგრამ მაინც შეაჩერა და კუთხურზე მოიგერია. ორ წუთში მორატამ უკვე თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი ტრიბუნებზე გაფრინდა.

თუკი გოლის შემთხვევაში ვიდეორეფერი სტუმრებს დაეხმარა, მე-40 წუთზე „ვალენსია“ და ტიერი კორეა გადაარჩინა – მას არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენეს, მაგრამ მომენტის გადამოწმებისას მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარეს.

მასპინძლები 45+5-ე წუთზე უკვე მამარდაშვილმა გადაარჩინა, რომელმაც პირისპირ გასულ მორატას დარტყმაზე ჩინებული რეაქცია გამოავლინა და „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ნახევარში „ვალენსია“ უკეთ გამოიყურებოდა და მე-60 წუთისთვის ბურთის ფლობა მის სასარგებლოდ 68-32-ზე იყო. მაგრამ დიეგო სიმეონემ 64-ე წუთზე მოედანზე ანტუან გრიზმანი შეუშვა, რომელმაც ორ წუთში ანგარიში გახსნა. კარში ფრანგის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კარში აღმოჩნდა.

ამის შემდეგ „ატლეტიკომ“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ მორატას მცველი გადაეღობა, ხოლო კარასკოს – მამარდაშვილი. გიორგი მადრიდელებმა ბოლო წუთებშიც შეაწუხეს და ამ შემთხვევაში ქართველმა მეკარემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა. 89-ე წუთზე იანიკ კარასკოს გასროლაზე გუნდი ბრწყინვალე სეივით გადაარჩინა, ხოლო ერთ წუთში გრიზმანს შესანიშნავი ნახტომით დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, „ატლეტიკომ“ 1:0 მოიგო და 3 ტურის შემდეგ 3 ქულით „ვალენსია“ მე-14 ადგილზეა.