ყველაფერი გოგაზეა დამოკიდებული - „პეისერსის“ მწვრთნელმა ბითაძე შეაფასა #1TVSPORT
NBA-ში გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარეს. „ინდიანა პეისერსმა“ „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა და ამ სეზონში მესამეჯერ დამარცხდა. წელს პირველად, პარკეტზე გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი, გოგა ბითაძე, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა და 17:40 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა (7 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ისაუბრა, სადაც გოგა ბითაძეზეც ილაპარაკა და მისი თამაში დადებითად შეაფასა.
„ბითაძე დაგვეხმარა, რომ თამაში უფრო მაღალ დონეზე აგვეწია. ის ამ შეხვედრის დადებითი მხარე იყო. გოგა მატჩის დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა და გადავწყვიტე შანსი კიდევ მიმეცა. მომწონს, თუ როგორ არის ყოველთვის მზად სათამაშოდ. მის 4 ნომერზე თამაშს უმეტესობა კარგად არ უყურებს, მაგრამ დაგვანახა, რომ ამ პოზიციაზე ეფექტურია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ იქნება სათამაშოდ მზად.“
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ შემდეგ შეხვედრას 28 ოქტომბერს „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავს და იმედია, 22 წლის კალათბურთელს თავის გამოჩენის შანსი კვლავ მიეცემა.