ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების აღება - ნორვეგიის მთავარმა მწვრთნელმა წილისყრა შეაფასა #1TVSPORT
ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების აღება - ნორვეგიის მთავარმა მწვრთნელმა წილისყრა შეაფასა #1TVSPORT

გერმანიაში გასამართი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფების წილისყრაზე კომენტარი გააკეთა ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა, რომლის გუნდის მეტოქე საქართველო იქნება.

ამ ორი ნაკრების გარდა, A ჯგუფში მოხვდნენ ესპანეთის, შოტლანდიისა და კვიპროსის ეროვნული გუნდები. მატჩები 2023 წლის მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება. სოლბაკენმა ცალკე ისაუბრა საქართველოს ნაკრებზე.

„ნორვეგიის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის მატჩებისთვის მზად არის. ეს ძალიან თანაბარი და ძლიერი ჯგუფია. ვფიქრობ, ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების აღება. კვიპროსსაც შეუძლია ოთხი გუნდიდან ერთ-ერთს სახლში ქულები წაართვას და ეს ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად ჩაატარა, შოტლანდიას კი კარგად ვიცნობთ. რა თქმა უნდა, ფავორიტი ესპანეთია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრს შეუძლია ერთმანეთისთვის ქულების წართმევა.

ეს შეიძლება იყოს როგორც უპირატესობა, ასევე მინუსი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ არ მოვხვდით B ან C ჯგუფში. ასეც მოხდა და ამით კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩები მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.