ყველა დაგროვებული პრობლემის განსახილველად - „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს შეხვდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო – გუნდმა, რომლისაგანაც გულშემატკივრები ამბიციურ შედეგებს ელიან, საწყისი სამი მატჩიდან ორი წააგო.
ბოლო ტურში ქუთაისელებმა „საბურთალოსთან“ გასვლაზე 2:0 წააგეს, რამაც გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო „ტორპედოს“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„შაბათს, 5 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარსა და კლუბის მენეჯმენტს შორის შედგება შეხვედრა ყველა დაგროვებული პრობლემის განსახილველად. შეხვედრის შემდეგ მსურველებს კლუბის დახურულ ვარჯიშზე დასწრების შესაძლებლობაც ექნებათ“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები შედეგებით კლუბის მდგომარეობას ვერ ეგუებიან და ვითარების გამოსწორებას ითხოვენ, მათი ნაწილი მწვრთნელის შეცვლასაც ითხოვს.