ყიფიანი საუკეთესოებშია - რუსულმა გამოცემამ ის დავითაშვილთან ერთად გამოარჩია #1TVSPORT
ვოლგოგრადის „როტორის“ ოფიციალურ გვერდზე დასრულდა რუსეთის პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში „სოჭთან“ (1: 2) საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა და ნიკა ყიფიანი მესამე ადგილზე გავიდა.
საუკეთესოდ ყაზახეთის ნაკრების თავდამსხმელი ალექსეი შჩეტკინი აღიარეს, რომელმაც 30-ე წუთზე ვოლგოგრადელთა ერთადერთი გოლი გაიტანა – მას ხმა „როტორის“ ფანების 44% -მა მისცა. მეორე ადგილი მეკარე იოსიპ ჩონდრიჩმა დაიკავა (22%), ქართველი ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი კი მესამე ადგილზე 16% პროცენტის მხარადჭერით გავიდა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „როტორის“ გულშემატკივრები გუნდში ქართველების სიმრავლით ღიზიანდებიან (ამას ღიად და ყოველი მატჩის შემდეგ გამოხატავენ), ყიფიანისთვის ეს კარგი შედეგია. გულშემატკივრებისგან განსხვავებით, პოპულარული გამოცემა „სპორტ-ეკსპრესის~ ჟურნალისტმა ვოლგოგრადულ კლუბში ჯერ ქართველები და ბათუმის „დინამოდან“ გადასული ჯოვინო ფლამარიონი გამოარჩია, შემდეგ – შეტკინი.
„სწრაფი გოლის შემდეგ, „სოჭს“ „როტორთან“ თამაში საერთოდ არ წაუვიდა. ვოლგოგრადის გუნდმა სეზონის თითქმის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სასიამოვნო იყო დავითაშვილის, ფლამარიონისა და ყიფიანის ნახვა. გარდა ამისა, როგორც იქნა, გამოჩნდა თავდამსხმელი შჩეტკინის სახით, რომელსაც გატანა ეხერხება,“ – წერს „სპორტ-ეკსპრესი“.