ყენიამ კარიერა დაასრულა - ის გერმანიაში მწვრთნელად იმუშავებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ლევან ყენიამ კარიერა დაასრულა და ფეხბურთის საქმიანობას მწვრთნელის როლში აგრძელებს, – ინფორმაციას მეოთხე გერმანული ლიგის „ურდინგენის“ პრესსამსახური ავრცელებს.
კლუბის მთავარ მწვრთნელად რუსი დმიტრი ვორონოვი დაინიშნა, რომელმაც 30 წლის ქართველი ასისტენტად მიიწვია. ლევან ყენია ბოლოს „საბურთალოში“ თამაშობდა, საიდანაც გერმანიაში ახალ კლუბში გადასვლის იმედად წავიდა. მაგრამ საბოლოოდ, კარიერის დასრულება და ახალი პროფესიის ათვისება გადაწყვიტა.
ყენიამ კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო, საიდანაც 2008 წელს გერმანიის ბუნდესლიგის „შალკეში“ გადავიდა – მერე იყო დიუსელდორფის „ფორტუნა“, ლვოვის „კარპატი“, პრაღის „სლავია“, ლუქსემბურგის „დუდელანჟი“ და „საბურთალო“.
ლევან ყენიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ თამაშისას ჰქონდა. როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუს ტოპმიოლერმა აღნიშნა, მას ამ ასაკში ლევან ყენიას მსგავსი სრულყოფილი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე მოთამაშე ნანახი არ ჰყავდა. ლევანმა პირველი გოლი გაიტანა ნაკრებში 2008 წლის 28 მაისს, ესტონეთის წინააღმდეგ გაიტანა.
ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა 2013 წლის 23 მარტს საფრანგეთის წინააღმდეგ, თემურ ქეცბაიას მას შემდეგ არ გამოუძახია. ეროვნული ნაკრების თავკაცად კახაბერ ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, ლევან ყენია ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.