ყაზბეგმა ექსტრემალური წინაღობების მარათონს - 'Runmageddon' უმასპინძლა
4-7 ოქტომბერს საქართველომ პირველად უმასპინძლა ექსტრემალური წინაღობების მარათონს – „RUNMAGEDDON“, სპეციალურად ღონისძიებისთვის ყაზბეგში მოეწყო მარათონისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
„Runmageddon Kaukaz 2018“–ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ. მონაწილეების უმეტესობას პოლონელები წარმოადგენდნენ. მარათონში წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა.
ღონისძიების საქართველოში გამართვის ინიციატივა პოლონეთის სპორტული დაბრკოლებების ორგანიზაციას „RUNMAGEDDON“ ეკუთვნის. მარათონი გულისხმობს საშეჯიბრო ფორმატში სხვადასხვა დისტანციაზე ბარიერების გადალახვას.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს და მისი მიზანს სპორტის სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. სამომავლოდ იგეგმება საქართველოში სპორტულ-გასართობი და მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებების ჩატარება.
მარათონს ეროვნულ დონეზე კოორდინაცია გაუწია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. უშუალოდ შეჯიბრებას ორგანიზება გაუწიეს ეროვნულმა ფედერაციამ „სპორტი ყველასათვის“ და სპორტულ დაბრკოლებათა გადალახვის ფედერაციამ. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.
წყარო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო