ყაზახური გამოცემა - „კასპიის“ ქართველ მწვრთნელს კლუბის დირექტორმა თანამდებობის დატოვება სთხოვა #1TVSPORT
აქტაუს „კასპიის“ ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარ მწვრთნელს, კახაბერ ცხადაძეს გუნდის დატოვების თხოვნით მიმართა, – ინფორმაციას „ტელეგრამის“ არხი „გრეი კარდინალი“ ავრცელებს.
უფრო დეტალური ინფორმაცია კი ყაზახურ გამოცემა Sports.kz-ში გამოქვეყნდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ცხადაძის თანამდებობაზე დარჩენის შანსი მიზერულია.
„„კასპიის” ქართველმა მწვრთნელმა ჩემპიონატის დასაწყისი სრულიად ჩააგდო – 5 მატჩში 0 ქულა, ბურთების სხვაობა კი – 4:13-თან. ნორმალურ კლუბში ასეთ სპეციალისტს დიდი ხნის წინ გაათავისუფლებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, კლუბის ახალმა დირექტორმა სპეციალისტს უკვე თავაზიანად სთხოვა კლუბის დატოვება, მაგრამ ინტუიცია გვკარნახობს, რომ მწვრთნელი ერთი შანსის მიცემას მოითხოვს.
სავსებით შესაძლებელია, რომ „კასპიიმ“ შემდეგ ტურში დაამარცხოს (ან არ წააგოს) „ოკჟეტპესი“, რაც მას ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ დამარცხების შემთხვევაში ცხადაძეს პოსტიდან წასვლა აუცილებლად მოუწევს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვოს, არც ყბადაღებული კავკასიური სიამაყე უშველის, ახლა სხვა დროა”, – წერს ყაზახური გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში აქტაუს „კასპიი“ კონკურენტ „მაკტარალთან“ 1:3 დამარცხდა. კახა ცხადაძის გუნდში ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია თამაშობენ.