ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ 2020 წლის სეზონში კოსტანაის „ტობოლის“ გამოსვლა შეაფასა. ამ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი ნახევარმცველი თამაშობდა, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებთანაც კლუბმა კონტრაქტები აღარ გაახანგრძლივა.
წერილის ავტორი დარწმუნებულია, რომ ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონის ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომა იყო.
„ყაზახეთის ჩემპიონატში კოსტანაის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა – და ეს უდავოდ წარმატებაა. ტობოლოვიელებმა ჩემპიონობა მხოლოდ 10 წლის წინ მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის მედალი ბოლოს 2008 წელს დაისაკუთრეს… როგორც ადრე, შთამბეჭდავი იყო ჯაბა კანკავა, რომელიც შუა მოედანზე ბატონობდა. როგორც ჩანს, გაბრაზებულ ქართველზე წლები გავლენას არ ახდენს და მას მაღალ დონეზე გამოსვლა ერთ სეზონზე მეტხანსაც შეუძლია. ყაზახეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენი ნახევარმცველის წვლილი გუნდის წარმატებაში საკმაოდ საგრძნობი იყო. საინტერესო იქნება იმის დანახვა, კოსტანაელთა შემადგენლობაში ახალ სეზონამდე რა ცვლილებები მოხდება, მაგრამ კანკავასთან განშორება, ვფიქრობ, სერიოზული შეცდომა იყო“, – წერია „სპორტში“.
საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანი „ტობოლში“ 2018 წლიდან თამაშობს და სამ სეზონში კოსტანაის გუნდის შემადგენლობაში 76 შეხვედრა (4 გოლი) ჩაატარა. ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობაში რეკორდსმენია. ის „ჯვაროსნებში“ 2004 წლიდან თამაშობს და საქართველოს სახელით 94 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.