ყაზახეთში ქუთაისის „ტორპედოს“ იოლად დასაძლევ მეტოქედ მიიჩნევენ #1TVSPORT
ყაზახურ მედიაში ქუთაისის „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩამდე ვრცელდება იქაური სპეციალისტების კომენტარები – რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ „აქტობემ“ „ტორპედოს“ ბარიერი ადვილად უნდა გადალახოს.
მაგალითად, ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ევგენი ავერჩენკომ Sports.kz-სთან კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური კლუბებისთვის ყველაზე იოლად დასაძლევ მეტოქედ „ტორპედო“ დაასახელა.
„ევროტურნირებზე მონაწილე ყაზახური კლუბიდან ყველაზე იოლად დასაძლევი მეტოქე „აქტობეს“ შეხვდა. ვფიქრობ, ეს დაპირისპირება ყაზახეთის გუნდმა უნდა მოიგოს. „აქტობესთვის“ ეს იქნება პირველი მატჩი ევროთასების მიმდინარე სეზონში. უნდა ეცადონ, რომ ქუთაისში კარი მშრალად შეინარჩუნონ და რაც შეიძლება მეტი გაიტანონ, საპასუხო მატჩში შინ თამაში რომ გაუადვილდეთ“, – განაცხადა ევგენი ავერჩენკომ.
იგივე მოსაზრება გამოთქვა „ჟეტისუს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალმას კულშინბაევმა, რომელმაც წელს მოსამზადებელ ეტაპზე „ტორპედოსთან“ გამართული მატჩი გაიხსენა.
„როცა „ჟეტისუს“ მწვრთნელი ვიყავი, თურქულ შეკრებაზე „ტორპედოსთან“ ვითამაშეთ (0:0). ეს კარგი დონის გუნდია, მაგრამ ორი მატჩის ჯამში „აქტობეს“ ამ ბარიერის გავლა შეუძლია. მთავარია, ქუთაისში არ წააგონ, საკუთარ მოედანზე კი მეტოქე დაამარცხონ. მიმაჩნია, რომ ყაზახურ გუნდებს შორის ყველაზე კარგი შანსი „აქტობეს“ აქვს“, – ამბობს „ჟეტისუს“ ყოფილი მწვრთნელი.
პაველ ევტეევი (ყაზახეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): „ყაზახეთის ჩემპიონმა, „ასტანამ“ აჩვენა, როგორ უნდა ეთამაშო და დაამარცხო ქართული გუნდი. „აქტობე“ ბოლო დროს კარგად თამაშობს და ისეთი მეტოქე შეხვდა, რომ ეს ბარიერი შეუძლია გაიაროს. თანაც, ეს იქნება „აქტობეს“ პირველი მატჩი ამ ევროსეზონში და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთონ“.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ „აქტობეს“ 27 ივლისს „რამაზ შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ. საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.