ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტრაგიკულად დაიღუპა ფიგურულ სრიალში სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ყაზახი მოციგურავე დენის ტენი. დანით მიღებული ჭრილობების გამო ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდასხმის შედეგად, სპორტსმენმა სამი ლიტრი სისხლი დაკარგა. ორი უცნობი მამაკაცი მისი ავტომობილიდან სარკის მოპარვას ცდილობდა, ხოლო როცა მოციგურავე შეეცადა ქურდებისთვის ხელი შეეშალა, ერთ-ერთმა ის ბარძაყის არეში დაჭრა.
დენის ტენი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და, ორსაათიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, მამაკაც მოციგურავეთა რეიტინგში, დენის ტენი მეცხრე ადგილზე იყო.