ყაზახეთში მოთამაშე ქართველები სეზონს მაისიდან განაახლებენ
ყაზახეთში მოთამაშე ქართველები სეზონს მაისიდან განაახლებენ

ყაზახეთის პრემიერლიგის ადმინისტრაცია მესამე ტურის მატჩების ჩატარებას 31 მაისს გეგმავს. ეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემთხვევაში მოხდება, რაც უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი – ცნობას Meta-ratings.kz ავრცელებს.

ყაზახეთში კარანტინი 11 მაისამდე გამოცხადდა, მაგრამ 4 მაისიდან შემსუბუქებული რეჟიმი ამოქმედდა და მომსახურების სფეროს ბევრმა ობიექტმა მუშაობა განაახლა.

„ყაზახეთის ჩემპიონატის კლუბები ვარჯიშის განახლებას 12 მაისიდან აპირებენ. სეზონის შეჩერებამდე ორი ტური გაიმართა. ყაზახეთის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ჩემპიონატის მესამე წრე გაუქმდება (12 გუნდი სამ წრედ თამაშობდა). ამასთან, ტურების რაოდენობის შემცირება პირველ და მეორე ლიგებშიც იგეგმება, რათა სეზონი დროულად დასრულდეს“ – იუწყება Meta-ratings.kz.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში რამდენიმე ქართველი მუშაობს და თამაშობს: შიმკენტის „ორდაბასის“ კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე ავარჯიშებენ, კოსტანაის „ტობოლში“ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ზარანდია თამაშობენ, კიზილორდას „კაისარში“ – გუჯა ლობჟანიძე, პეტროპავლოვსკის „კიზილჯარაში“ – შოთა გრიგალაშვილი და თამაზ ცეცხლაძე, ხოლო პავლოდარის „ირტიშში“ – ლევან კუტალია.