ყაზახეთში ფანცულაიამ გაიტანა - ჩემპიონატს ქართველების გუნდი ლიდერობს #1TVSPORT
გიორგი ფანცულაიამ ყაზახეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და სეზონის პირველი გამარჯვება მოუტანა აქტაუს „კასპიის“, რომელმაც პრემიერლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა ცვლილებით დაიწყო – გუნდიდან ქართველი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე წავიდა.
ახალმა მწვრთნელმა ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გიორგი ფანცულაიამ 90+4 წუთი ითამაშა, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა – შეუცვლელად. ფანცულაიამ აქტაუში გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, ქართველების გუნდმა კი სეზონში პირველი ქულები და გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
მათე ცინცაძემ და რატი არდაზიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს „ჟეტისუში“, რომელიც შინ „კაისართან“ 0:2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში მატჩის მიწურულს გიორგი ბუხაიძე გამოჩნდა. შინ „მაქატარალი“ 3:0 დაამარცხა ყარაღანდის „შახტარმა“, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ანტონ თოლორდავამ და თემურ ჩოგაძემ ითამაშეს.
ექვსი ტურის შემდეგ ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს თამაზ მაქაცარიასა და ლუკა იმნაძის „კიზილჯარა“ (15), რომელიც ტურის მატჩს 16 აპრილს გამართავს.