ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი - დანიელებთან ბიჭებს ვუთხარი, უბრალოდ, ფეხბურთით ესიამოვნათ #1TVSPORT
ყაზახეთის ნაკრებმა, რომელიც ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დანიასთან სენსაციურ გამარჯვება (3:2) მოიპოვა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაგომედ ადიევმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, გულშემატკივრებთან ვალი გვქონდა და რეაბილიტაცია გვსურდა. დანიასთან პირველმა ტაიმმა ისე ვერ ჩაიარა, როგორც გვინდოდა. ეს ორი გოლი ჩვენივე შეცდომების გამო გავუშვით. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და სასწორი ჩვენს სასარგებლოდ გადავწონეთ.
ძლიერ მეტოქესთან რთული თამაში დაძაბულ რიტმში მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში არასწორად ვითამაშეთ – არადა, სხვაგვარ დაპირისპირებას ვგეგმავდით. დანიელები მჭიდროდ თამაშობდნენ და კონტრპრესინგმა ჩვენზე იმოქმდა, ამიტომ თამაშის გაშლა გვჭირდებოდა.
გუნდს ნერვიულობაც ეტყობოდა და ბიჭებს ვუთხარი, რომ უბრალოდ, გასულიყვნენ და ფეხბურთით ესიამოვნათ. შედეგზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ და მიხარია, რომ გამოვიდა ის, რისი გაკეთებაც გვსურდა“, – განაცხადა ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ერთა ლიგის C ლიგის საუკეთესო გუნდი საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად სახლში ყაზახეთს 2024 წლის მარტში უმასპინძლებს. ფინალში კი ერთმანეთს ჩვენი და თურქეთ-საბერძნეთის წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.