ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ნაკრები უცხოელებითაც უნდა გაძლიერდეს
დღეს, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართა. დელეგატებმა პრეზიდენტად ადილბეკ ჯაქსიბეკოვი აირჩიეს, რომელიც 2016 წლიდან, ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, იყო რუსეთში ყაზახეთის ელჩი, ხოლო 2007-2014 წლებში ფეხბურთის ფედერაციას ედგა სათავეში.
ყაზახეთი ერთა ლიგის ტურნირზე საქართველოს ჯგუფში მოხვდა, ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ კი ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა დანიშნონ. ბოლოს ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებში რუსი ალექსანდრ ბოროდიუკი მუშაობდა, რომელთანაც კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტეს.
თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ადილბეკ ჯაქსიბეკოვს კითხვა ნაკრების მომავალ მწვრთნელზეც დაუსვეს.
”ამჟამად 6 კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არიან “ასტანას” მწვრთნელი სტონიმირ სტოილოვი და ტალგატ ბაისუფინოვი. საკითხი მალე გადაწყდება. ჩვენთან გერმანელი შტორკიც მუშაობდა, რომელმაც ვერაფერს მიაღწია, მაგრამ უნგრეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. მთავარია, ჩემპიონატი გავაძლიეროთ – ძლიერი ნაკრები მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვეყოლება. მოედანზე მწვრთნელი არ თამაშობს და მხოლოდ საკუთარი ფეხბურთელებით თამაშიც არაფერს გვარგებს, ნაკრები უცხოელებითაც უნდა გაძლიერდეს” – ამბობს ადილბეკ ჯაქსიბეკოვი.
მან ყაზახეთის ნაკრების უახლოეს გეგმებზეც ილაპარაკა: “გადაწყვეტილია, რომ მარტში ამხანაგურ შეხვედრებს უნგრეთთან და ბულგარეთთან ჩავატარებთ. ვრცელდებოდა ხმები, თითქოს, არგენტინის ნაკრები და მესი გვესტუმრებოდნენ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ასეთი მოლაპარაკება არ ყოფილა”.