ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ყაზახეთს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ორთვიანი განხილვის შემდეგ, პოსტზე „ასტანას“ დამრიგებელი სტანიმირ სტოილოვი დანიშნეს.
ბულგარელი სპეციალისტი ავარჯიშებდა საკუთარი ქვეყნის ნაკრებს, „ასტანა“ კი 2014 წელს ჩაიბარა და პირველი მწვრთნელია, რომელმაც ყაზახური გუნდი ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა – ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ასტანა“ 1/16-ფინალშიც მოხვდა.
„ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რა შედეგს მივაღწევ. უპირველესად, მოთამაშეთა რეალური შესაძლებლობები უნდა შევაფასოთ. საამისოდ უახლოეს ორ საკონტროლო შეხვედრას გამოვიყენებთ. თავის გამოვლენის საშუალებას ახალგაზრდებსაც მივცემთ. მხოლოდ ერთს შეგპირდებით: თუკი სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, ისეთ ნაკრებს დაგიტოვებთ, რომელიც 2-3 წლის შემდეგ ყაზახეთის მომავალი იქნება. აქ საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან. მთავარია, ისინი თავდაჯერებულები გახდნენ“, – ამბობს სტოილოვი.
ბულგარელი სპეციალისტი თავიდანვე ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელობის ნომერ პირველ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ მის ჩაბარებაზე თავს იკავებდა – მიზეზად ამ ქვეყნის ფეხბურთში არსებულ პრობლემებს ასახელებდა.
შეგახსენებთ, რომ ერთა თასის D ლიგის პირველ ჯგუფში ყაზახეთი საქართველოს, ლატვიისა და ანდორას საფეხბურთო ნაკრებებთან ერთად მოხვდა.