ყაზახების მთავარი მწვრთნელი საქართველოს ფავორიტად აღიარებს - კლასი არ გვეყო, ჩვენ ზოგიერთ ფეხბურთელს კი შეეშინდა
სამწუხაროა, რომ წავაგეთ და პირველი გოლი ჩვენივე შეცდომების გამო გავუშვით. საქართველომ კარგი გოლი გაიტანა. ჩვენ არ გვყოფნიდა საკუთარი ძალების რწმენა, ხოლო თავდასხმაში – აგრესია და კლასი. ნათელი იყო, რომ მოთამაშეები საუკეთესო ფუნქციურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ, – განაცხადა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ ყაზახეთის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა.
ყაზახების ბულგარელი მწვრთნელის აზრით, გუნდზე სტილის შეცვლამ უარყოფითად იმოქმედა.
„აქამდე ყაზახეთი მხოლოდ მეორე ნომრად თამაშობდა. დღეს შევეცადეთ პირველ ნომრად გადაწყობას, რასაც ფეხბურთელები მიუჩვეველები იყვნენ და ზოგიერთ მათგანს შეეშინდა. თუმცა, მე გავაგრძელებ ამ გზით სიარულს. თუ გინდა გამარჯვება, არ უნდა გეშინოდეს”,- განაცხადა სტოილოვმა.
სტოილოვი პრინციპული მეტოქესთან წაგების მიუხედავად თვლის, რომ ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია.
„ველოდებოდი, რა რთული მატჩი იქნებოდა და რომ შესაძლოა, ვერ მოგვეგო, თუკი ჩვენს პრობლემებს გავითვალისწინებთ. ვფიქრობდით, რომ შეგვეძლო კონტრშეტევებზე ჩვენი შანსები გამოგვეყენებინა, მაგრამ ამისათვის საჭიროა უფრო მაღალ დონეზე თამაში. შანსი? ჯერ უნდა გავიმარჯვოთ. საქართველო ფავორიტად რჩება, მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა და ჩვენ კიდევ ვიბრძოლებთ. ვნახოთ, რა გამოგვივა”,- აცხადებს ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ერთა თასის პირველ შეხვედრაში დღეს საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორბურთიანი უპირატესობით მოუგო.