ყაზაიშვილს აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იწვევს
ყაზაიშვილს აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იწვევს

ამერიკული „სან ხოსედან“ წამოსული ვაკო ყაზაიშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას სამხრეთ კორეის კლუბში გააგრძელებს, – ინფორმაციას Fmkorea.com ავრცელებს.

სამხრეთ კორეული ინტერნეტ-გამოცემა ამტკიცებს, რომ ნიდერლანდებიდან ამერიკაში გადასული ქართველის სამხრეთ კორეაში თამაში გადაწყვეტილია და რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშე უკვე „ულსანის“ ფეხბურთელი გახდა.

ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერზე კორეული გუნდი ჯერ არაფერს იუწყება. „საბურთალოს“, არნემის „ვიტესისა“ და ვარშავის „ლეგიას“ ყოფილ შემტევს დეკემბერში „სან ხოსესთან“ კონტრაქტი დაუსრულდა, რომელიც კლუბმა არ გაუხანგრძლივა და მას შემდეგ უგუნდოდ დარჩა.

ულსანი“ სამხრეთ კორეის ორგზის ჩემპიონია, გასულ სეზონში კი ვიცე-ჩემპიონი გახდა და თასის ფინალისტი იყო, ამავე დროს, ორჯერ გახდა აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, პირველად ეს 2012 წელს შეძლო, მეორედ კი გასულ წელს.