ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანის“ ფორმით სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ამით გუნდს გამარჯვება ვერ მოუტანა.
„ულსანმა“ საკუთარ მოედანზე „ჩონამ დრაგონსს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, 1:2 დამარცხდა. ვაკო ყაზაიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი მე-80 წუთზე გამოიჩინა. ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი პენალტით აიღო.
თუმცა, მანამდე „დრაგონსმა“ თავისი საქმე გააკეთა. 22-ე წუთზე ანგარიში ლი იონგ-ჰომ გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე „ულსანის“ კარი მეორედ იანგ სონ-ჰიოკმა აიღო და მასპინძლების დიდი მცდელობის მიუხედავად, მეტოქემ უპირატესობა აღარ დათმო და 1:2 გაიმარჯვა.
„ულსანი“ 64 ქულით მეორე ადგილზეა – ამდენივე ქულა აქვს „ჯეობნუკ მოტორსს“, რომელიც დამატებითი მაჩვენებლების ხარჯზე ასწრებს. ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანში“ უკვე 29 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით ქართველი გუნდის საუკეთესო ბომბარდირებში ლე დონგ-ჯუნის (11 გოლი) შემდეგ მეორე ადგილზეა.