ყატარის სახელმწიფო ტელეარხმა beIN Sports-მა 100 მილიონი დოლარი გადაუხადა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) იმისთვის, რომ ქვეყანა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლად აერჩიათ. ამის შესახებ საკუთარ წიგნში ყვება ყოფილი საფეხბურთო ჩინოვნიკი და ავსტრალიელი მწერალი ბონიტა მერსიადესი.
როგორც Daily Mail წერს, ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ ყატარელებს ეხმარებოდა უეფას მაშინდელი პრეზიდენტი მიშელ პლატინი, ხოლო ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი პირადად მოელაპარაკა ტელევიზიას გარიგების თანხაზე. აღნიშნავენ, რომ ბლატერი დარწმუნებული იყო ყატარის გამარჯვებაში და ჯერ კიდევ ხმის მიცემის შედეგების გამოქვეყნებამდე დაურეკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას და მას ამერიკული განაცხადის წაგების შესახებ ამცნო.
მერსიადესი იმასაც წერს, რომ გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ფრანც ბეკენბაუერმა, რომელიც, თავიდან, ავსტრალიას უჭერდა მხარს, ასევე მიიღო ქრთამი ყატარისგან, რის შემდეგაც, საჭირო კანდიდატს მისცა ხმა.