ყატარი 2022: ბრიტანულმა მედიამ მეტოქეების საბოტაჟის საიდუმლო კამპანიას ახადა ფარდა
ყატარი 2022: ბრიტანულმა მედიამ მეტოქეების საბოტაჟის საიდუმლო კამპანიას ახადა ფარდა

2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მისაღებად, ყატარელები მეტოქეების წინააღმდეგ საიდუმლო კამპანიას აწარმოებდნენ, ირწმუნება ბრიტანული გაზეთი „სანდეი თაიმსი“.

გამოცემა აცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდა საბუთი, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ დაიქირავეს ყატარელებმა ერთ-ერთი ამერიკული საერეკლამო ფირმა და „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს“ (CIA) რამდენიმე თანამშრომელი, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის სხვა პოტენციური მასპინძლებისთვის (უპირატესად ავსტრალია და აშშ) სახელი გაეტეხათ.

ფიფას წესებით, მსგავსი ქმედებები აკრძალულია.

ბრიტანული გაზეთი კამპანიის  შესახებ უფრო დაწვრილებითაც წერს და რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

  • ცნობილ ამერიკელ აკადემიკოსს 9 000 დოლარი გადაუხადეს იმისათვის, რომ აშშ-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების ფინანსური მიზანშეუწონლობის შესახებ მოხსენება დაეწერა, რომელიც შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.
  • ჟურნალისტები და ბლოგერები დაიქირავეს ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც განაცხადი ჰქონდა ფიფაში შეტანილი (ავსტრალია, აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია), რათა მათ ნეგატიური სტატიები დაეწერათ მათივე ქვეყნებში მუნდიალის ჩატარების თაობაზე.
  • დაქირავებულ იქნა ასევე ფიზკულტურის მასწავლებელთა ჯგუფი ამერიკაში, რომლებმაც კონგრესმენებს თხოვნით მიმართეს, შეწინააღმდეგებოდნენ შეერთებულ შტატებში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას, რადგან უკეთესი იქნებოდა ფული სასკოლო სპორტულ პროგრამებში დახარჯულიყო.
  • ავსტრალიაში, რაგბის თამაშების დროს, საფეხბურთო მუნდიალის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იქნა ორგანიზებული.

„სანდეი თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას უკვე გამოეხმაურნენ ყატარელი ოფიციალური პირები და ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყვეს.

შეგახსენებთ, რომ ყატარში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.