ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალს წარუდგენენ
სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს საგარეჯოს პოლიციაში ბრალს დღეს წარუდგენენ.
გუშინ, გვიან ღამემდე გაგრძელდა მეზობლების გამოკითხვა. ჩვენება მისცა და მომხდარის დეტალები გაიხსენა დაკავებულის ბიძაშვილმა, ფრიდონ გამყრელიძემ, რომელსაც მან მეუღლე და შვილი მოუკლა.
ოთხივე ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი საგამოძიებო მოქმედებებს დღეს დილიდან განაახლებს. ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
სამართალდამცველების ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.