წყალტუბოში სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ტრიბუნაზე 3000 ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის წარმომადგენელი წყალტუბოს „სამგურალი“ მალე საკუთარ სტადიონზე უფრო კომფორტულ ვითარებაში ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„წყალტუბოს სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სექტემბრის ბოლოს 3000-მდე ინდივიდუალური სკამი მზად იქნება“, – წერია „სამგურალის“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია 2018 წლის იანვარში დაიწყო. მოედნის დასაგებად თანხა ფეხბურთის ფედერაციამ გამოყო, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარ თავზე აიღო ტრიბუნების მოწყობა, სტადიონის შემოღობვა და სხვა ინფრასტრუქტურული ხარჯები.
სტადიონის რეაბილიტაციისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. სფფ-მ ახალი, მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი დააგო, გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობა და მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. მუნიციპალიტეტმა მატჩების გასამართად აუცილებელი მინიმალური სამუშაოები ჩაატარა.
პროექტის დასრულების შემდეგ, აღდგება ცენტრალური შენობა, მოეწყობა პრეს და ვიპ-ლოჟები, ტრიბუნები 3500 ადამიანზე იქნება გათვლილი და განათება დამონტაჟდება. სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად გაგრძელდება.
საბოლოოდ, რეაბილიტაციის შემდეგ, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული არენა იქნება, სადაც ასაკობრივი ნაკრებების თამაშის ჩატარებას შევძლებთ.