წყალტუბოს სტადიონზე განათების დამონტაჟება და მოედნის საფარის გამოცვლა იგეგმება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა, რომლის სახელსაც კლუბის ბოლო წლების წარმატება უკავშირდება, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციაზე ილაპარაკა.
„სტადიონის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულების ფაზაშია. მიმდინარეობს სტადიონის შემოღობვა, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, დაახლოებით ერთ კვირაში ინდივიდუალური სკამების დაგება დაიწყება. შემდეგი ნაბიჯი განათების დამონტაჟება იქნება. პირველი ეტაპის ბოლოს წყალტუბოში გვექნება ლამაზი და კოხტა სტადიონი, რომელიც 3000 მაყურებელს დაიტევს. დიდი ალბათობით, როგორც სხვა ცივილურ ქვეყნებში ხდება, მომდევნო წლიდან სტადიონზე მოხდება ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასიც გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბილეთის გაყიდვით შემოსულ თითოეულ ლარს სტადიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მივმართავთ და გუნდსაც მოხმარდება. ჩვენთვის თითოეული გაყიდული ბილეთი აღქმული იქნება, როგორც გულშემატკივრის თანადგომა“, – ამბობს მიხეილ იაშვილი.
მისი თქმით, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მოედნის საფარიც მძიმე მდგომარეობაშია.
„ამ საკითხის მოწესრიგებაზეც ვმუშაობთ. ვესაუბრე ქალაქის ხელმძღვანელობას, მინდვრის გამოცვლას 2020 წლის იანვარ–თებერვალში დავიწყებთ და მომავალ წელს სრულიად ახალი მოედანი გვექნება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამის გამო რამდენიმე ტურის მატჩი სხვა სტადიონზე ჩავატაროთ. გპირდებით რომ, მომავალი წლიდან ჩვენ გვექნება ახალი მოედანი, ლამაზი სტადიონი და ჩვენს გუნდს თამაში დღევანდელზე გაცილებით უკეთესს გარემოში მოუწევს“.
მისი თქმით, საქართველოში მოედნები პრობლემატური თემაა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უდიდესი სამუშაო ჩაატარა და თითქმის ყველა რეგიონში გააკეთა ახალი სტადიონი. მაგრამ აქ მთავარი მარტო გაკეთება არაა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოუვლი სტადიონს. ფედერაციის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, 2 წლის წინ დაგვიგო მოედანი, მაგრამ მოვლის მხრივ გვქონდა პრობლემები, რამაც მოედანი დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა… ვფიქრობთ, რომ ეს ეტაპიც გავიარეთ, მეტი გამოცდილება მივიღეთ და შესაბამისად ახალ მოედანს უფრო მეტად მოვუვლით და შევეცდებით, რომ მრავალი წლის განმავლობაში კარგ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ“.
წყალტუბოს სტადიონის პროექტის შედგენისას ითქვა, რომ 26 მაისის სახელობის არენა უეფა-ს მეორე კატეგორიის შესაბამისი იქნებოდა. იაშვილი იმედოვნებს, რომ სტადიონის რეაბილიტაცია გაგრძელდება.
„ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციული შენობის, გასახდელების, პრესლოჟის აშენებას. ვფიქრობთ, რომ ფედერაციასთან თანამშრომლობით უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი პროექტის გაკეთებას შევძლებთ – ეს სტადიონის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე მოხდება. ჯერ კი მნიშვნელოვანი მოედნის მოწესრიგება და განათების დამონტაჟებაა. შემდეგ ეტაპზე გასახდელების და პრესლოჟის საკითხსაც მოვაგვარებთ. როცა ამ სამუშაოებსაც დავასრულებთ, ჩვენ გვექნება უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი. შემდეგ წყალტუბოში ასაკობრივი ნაკრებებიც ითამაშებენ და სტადიონს საქართველოს ქალთა ნაკრებსაც დავუთმობთ“.