წყალტუბოს „სამგურალმა“ ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-14 ტური სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო. წყალტუბოს „სამგურალი“ ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა, 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატში გალიდერდა.

ქუთაისელები ამ შეხვედრაშიც მთავარი მწვრთნელის გარეშე იყვნენ და გუნდი მოედანზე ისევ სპორტულმა დირექტორმა, ლაშა დვალიშვილმა გაიყვანა. გიორგი ჭელიძის ფეხბურთელებმა კი შესანიშნავი თამაში ჩაატარეს და ანგარიში შეხვედრის დასაწყისშივე გახსნეს. მესამე წუთზე ნიკა ხორხელმა შესანიშნავად ითამაშა და კარის წინ  გიორგი ნიქაბაძე დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

44-ე წუთზე „სამგურალმა“ მეორე გოლიც ამ მოთამაშეების მონაწილეობით გაიტანა. ნიკა ხორხელმა საჯარიმოში ბურთი ნიქაბაძეს გადააწოდა, რომელმაც ბრწყინვალედ დაარტყა. ნიქაბაძემ მეორე ტაიმში ჰეთთრიქი შეასრულა, 53-ე წუთზე კალანდარიშვილმა „სამგურალის“ თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც კვლავ გაიტანა.

87-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ეფექტური გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ტორპედომ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და 14 ტურის შემდეგ 20 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა, ხოლო  წყალტუბოს „სამგურალმა“ ზედიზედ მერვე მოგებით 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.