წყალტუბოს „სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე „ფაკელთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი რუსეთის პირველი ლიგის ლიდერ ვორონეჟის „ფაკელთან“ ჩაატარა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ბელეკში გამართულ შეხვედრაში ვორონეჟელები მე–4 წუთზე ანდრეი ნიკიტინმა დააწინაურა. ამის შემდეგ „სამგურალს“ ზედიზედ სამი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა – დემურ ჩიხლაძისა და სერგო კუხიანიძის დარტყმები კარს ასცდა, მე–19 წუთზე კი ვორონეჟელთა მეკარემ ჩიხლაძეს „მკვდარი ბურთი“ აუღო.
„ფაკელმა” 29–ე წუთზე თავისი მორიგი შანსი კარგად გამოიყენა და რომან აკბაშევმა მეორე გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლოს „სამგურალის“ კარი კიდევ ერთხელ ხიზირ აპაევმა აიღო და ტაიმი 3:0 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში „ფაკელმა” თამაშის განახლებისთანავე შესძლო მეოთხე გოლის გატანა, ნიკიტინმა დუბლი შეასრულა.
„სამგურალს“ პრესტიჟის გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო: 67–ე წუთზე ირაკლი რუხაძემ ილია ახვლედიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. 78–ე წუთზე თავად ახვლედიანი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ „ფაკელის“ კიპერმა ისევ საიმედოდ ითამაშა.
ფაკელი – სამგურალი 4:0
გოლები: 1:0 ნიკიტინი (4), 2:0 აკბაშევი (29), 3:0 აპაევი (43), 4:0 ნიკიტინი (47).
სამგურალი: შოვნაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, სიმდიანკინი, შ. ბურჯანაძე, ვერულიძე, გილმორი, ბაშელეიშვილი, ჩიხლაძე, კუხიანიძე, გავაშელიშვილი
მეორე ტაიმში შევიდნენ: კიკაბიძე, თევზაძე, ახვლედიანი, ქურდაძე, რუხაძე, ჯეფინიო, დევდარიანი, დოლიძე, ტურე, კალანდარიშვილი