წყალტუბოს „სამგურალი“ „26 მაისის არენაზე“ აპრილში დაბრუნდება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ „26 მაისის არენაზე“ აპრილში დაბრუნდება #1TVSPORT

ახალი საფეხბურთო სეზონი წყალტუბოს ,,სამგურალისთვის“ სახარბიელოდ ვერ დაიწყო. განვლილი მატჩების, კლუბში არსებული ვითარებისა და სატრანსფერო გეგმების შესახებ „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ ისაუბრა და გუნდის წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა.

„ჩემპიონატის სტარტით და ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. შეცდომებს ვაანალიზებთ და მომდევნო ტურებში მოვუმატებთ. შეტევის ხაზი თითქმის ახალი დაკომპლექტებულია, ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და შეთამაშების პრობლემაც გვაქვს. ახლა სანაკრებო პაუზაა. ამ ორ კვირაში შეცდომების გამოსწორებაზე და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ.

პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. თუ ჩავთვლი, რომ საქმე ისე არ გამოდის, რასაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ვგეგმავთ, გადაწყვეტილების მიღება არ გამიჭირდება. თუმცა, მჯერა ამ გუნდის. ვიცი, უკეთ თამაში და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ვიდრე ამ გადმოსახედიდან ჩანს. ბევრი სიახლიდან გამომდინარე, ეს სირთულეებიც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ყველაფერი დროებითია. ჩვენ მეტის რესურსი გვაქვს და ეს მომდევნო ტურებშიც გამოჩნდება.

სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე აუცილებლად გავძლიერდებით. უახლოეს დღეებში დავიმატებთ ახალგაზრდა ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველს, ვინისიუსს. ახალი ლეგიონერი უკვე საქართველოშია, გუნდთან ერთად ემზადება, მალე მასთან კონტრაქტიც გაფორმდება და ,,გაგრასთან” მატჩის განაცხადშიც იქნება. ველოდებით კიდევ ერთ ლეგიონერს, რომელიც იმ პოზიციას გააძლიერებს, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს. ორ დღეში ეს საკითხიც გადაწყდება.

შარშანდელ სეზონში ,,სამგურალს” სავარჯიშო და სათამაშო მოედნების პრობლემა შეექმნა. წელს გუნდი წყალტუბოში დაბრუნდა. საშინაო მატჩებს საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ატარებს, სადაც მხოლოდ 300 კაცზე გათვლილი ტრიბუნაა. 26 მაისის სახელობის სტადიონზე, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დავბრუნდებით. მოედნის საფარი ჯერ იდეალურად არ არის, მაგრამ ერთ თვეში მზად იქნება. თუ ნებას დაგვრთავენ, 20 აპრილს თბილისის ,,დინამოსთან” 26 მაისის სახელობის არენაზე თამაში გვსურს“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.