„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - კურორტის განვითარების საინვესტიციო შეთავაზება
საქართველოს მთავრობა ავრცელებს წყალტუბოს განვითარების საინვესტიციო შეთავაზებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს გასაყიდად გამოაქვს 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს.
ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, რათა წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი.
„ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსადგენად. ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა კურორტი.
საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, პროექტის განხორციელება ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების დაცვით მოხდება, როგორიცაა კურორტის იდენტობისა და ავთენტურობის შენარჩუნება, მდგრადი განვითარება, საერთაშორისო მნიშვნელობის შეძენა და საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად გადაქცევა. პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას. წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ უმაღლესი ხარისხის დასვენებას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, ბუნების ძეგლებს, რითაც ცნობილია არა მხოლოდ წყალტუბო და იმერეთი, არამედ მთელი საქართველო.
მთავრობაში აცხადებენ, რომ წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.