ბარსელონაში მიმდინარე ევროპის საწყალბურთო პირველობაზე ჩემპიონობისკენ მიმავალი პლეიოფის პირველი მატჩები გაიმართა, რომლებშიც ერთმანეთს ქვეჯგუფებში მეორე-მესამე ადგილებზე გასული გუნდები დაუპირისპირდნენ. უნგრეთმა ნიდერლანდები 12:9 დაამარცხა, მონტენეგრომ რუმინეთს შანსი არ დაუტოვა – 15:5, საბერძნეთმა ასევე ადვილად მოუგო გერმანიას – 13:5, ხოლო რუსეთმა, დაძაბულ ბრძოლაში, საფრანგეთს სძლია – 12:9.
მეოთხედფინალურ სტადიაზე, რომელიც 24 ივლისს გაიმართება, უნგრეთი სერბეთს დაუპირისპირდება, მონტენეგრო – ხორვატიას, საბერძნეთი – ესპანეთს, ხოლო რუსეთი – იტალიას.
მეცრხე ადგილისთვის პლეიოფში გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და რუმინეთი ითამაშებენ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გუშინ ჩვენმა წყალბურთელებმა თურქეთი დაამარცხეს (15:10) და მეცამეტე ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში სლოვაკეთს შეხვდებიან. ეს მატჩიც 24 ივლისს გაიმართება.