წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამო“ სეზონის პირველ მატჩში „ბრეშასთან“ 9:15 დამარცხდა (ვიდეო)

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში ექვსი ბურთის სხვაობით დამარცხდა.

შეხვედრის საწყის პერიოდში ზედიზედ ორი გოლი „ბრეშას“ გამოცდილმა ბერძენმა წყალბურთელმა ანგელოს ვლაჰოპულოსმა გაიტანა. რის შემდეგაც თბილისის „დინამომ“ მეტოქის კარის აღება 4-ჯერ შეძლო და შეხვედრის საწყისი პერიოდი ქართულმა კლუბმა 4:2 მოიგო. იტალიელთა კარში ორი გოლი მარიკო ელაჩამ, თითო ბურთი კი სანდრო ადეიშვილმა და ანდრია ბითაძემ გაიტანეს. თბილისის დინამო როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში ძალიან ეფექტურად თამაშობდა, რაც შედეგზეც აისახა.

შეხვედრის მეორე პერიოდში „ბრეშამ“ დაწინაურება მოახერხა. იტალიურმა კლუბმა 4 გოლის, „დინამომ“ კი ერთი ბურთის გატანა(იოვან სარიჩი) შეძლო და „ბრეშა“ დიდ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით, 6:5 გავიდა.

საკმაოდ მძიმე გამოდგა „დინამოსთვის“ მატჩის მესამე პერიოდი. „ბრეშამ“ სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე მეტოქეს 6 გოლი გაუტანა და ანგარიში 12:6 დაფიქსირდა. მიუხედავად 12 გაშვებული გოლისა აღსანიშნავია „დინამოს“ მეკარის ირაკლი რაზმაძის ძალიან კარგი თამაში, რომელიც მატჩის ბოლო პერიოდში ნიკოლოზ შუბლაძემ შეცვალა.

მეოთხე პერიოდში გულშემატკივარმა თანაბარი ბრძოლა იხილა. გუნდებმა სამ-სამი ბურთი გაცვალეს. მეოთხე პერიოდის პირველი გოლი კი „დინამოს“ დებიუტანტმა და ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა 17 წლის წყალბრთელმა ბესარიონ ახვლედიანმა გაიტანა. „ბრეშას“ კარში კი კიდევ ორი ბურთი გიორგი მაგრაქველიძემ და მარკო ელაჩამ გაიტანეს.

საბოლოო ანგარიში „ბრეშას“ სასარგებლოდ 15:9 დაფიქსირდა.