წყალბურთი | თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა სერბმა სპეციალისტმა დეიან სტანოევიჩმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმუშავა. სტანოევიჩის ნაცვლად ახალი სეზონიდან „დინამოს“ ბერძენი სპეცილისტი, საკის კეჩაგიასი უხელმძღვანელებს.
კეჩაგიასი გამოცდილი სპეციალისტია, იგი საბერძნეთის ახალგაზრდული და ეროვნულ ნაკრებების წვრთნიდა, ასევე მუშაობდა რუმინეთის ეროვნულ გუნდსა და გერმანულ კლუბ „შპანდაუში“.
„დინამოში“ ითამაშებს 20 წლის ლუკა ჩიქოვანი, რომელმაც 2021-2022 წლების სეზონი დედაქალაქურ კლუბში გაატარა, შემდეგ კი უცხოეთში გაემგზავრა და სერბულ და ბერძნულ კლუბებში გამოდიოდა.
გუნდში დაბრუნდა გამოცდილი სანდრო ადეიშვილი, რომელიც „დინამოში“ 2018-2022 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ერთი სეზონი „მლადოსტში“ (ხორვატია), ერთი კი „რადნიჩკში“ (სერბეთი) გაატარა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში თბილისის „დინამო“ B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „იადრანი“ (ხორვატია) და „რადნიჩკი“ (სერბეთი) იქნებიან.
პირველ შეხვედრას თბილისელები 8 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთში „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩი 20:15 საათზე დაიწყება.