წყალბურთი | ნიკა შუშიაშვილი სერბეთის ჩემპიონია [ვიდეო] #1TSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და სერბეთის „ნოვი ბელგრადის“ წევრმა ნიკა შუშიაშვილმა მიმდინარე სეზონზე მეორე პრესტიჟული ტიტული მოიგო. „ნოვი ბელგრადმა“ სერბეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში, რადნიჩიკის ორი მატჩი აჯობა (2:0) და ქვეყნის ჩემიონი გახდა.

პირველ შეხვედრაში ნიკა შუშიაშვილის კლუბმა მეტოქეს 17:9 (7:4, 3:1, 2:3, 5:1) სძლია, მეორე გადამწყვეტი დაპირისპირებაში კი „ნოვი ბელგრადმა“ „რადნიჩკი“ 17:15 ( 2:1,4:3, 3:4, 5:6, 1:3) პენალტების სერიაში დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ქართველი წყალბურთლის ანგარიშზე ერთი გოლია.

ნიკა შუშიაშვილმა „ნოვი ბელგრადთან“ ერთად მიმდინარე სეზონზე ევროპული წყალბურთის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი ადრიატიკის ლიგა მოიგო. ამჟამად კი სერბული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე 8 საუკეთესო გუნდს შორის ასპარეზობას აგრძელებს, სადაც 2 ივნისს მეოთხედფინალურ მატჩს „მარსელთან“ ჩაატარებს.