წყალბურთი - ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს თბილისი „დინამო“ 30 ოქტომბერს გამართავს
წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის (2019-2020) ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები 29 და 30 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის „დინამო“ ტურნირზე პირველ საშინაო მატჩს 30 ოქტომბერს, ოლიმპიკის აუზზე გამართავს. რეზო ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტის წყალბურთელთა კლუბს უმასპინძლებს. მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია, რომლის ფასი 5 და 10 ლარი გახლავთ.
გასულ ტურში „დინამო“ გავსლაზე ხორვატიაში „მლადოსტის“ წინააღმდეგ 10 ქულის სხვაობით 21:11 დამარცხდა. რაც შეეხება „დინამოს“ მომავალ მეტოქეს, ბუდაპეშტის გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. პიველ ტურში „მლადოსტი“ 13:10 დაამარცხა, მეორე შეხვედრა კი „ვასპო ჰანოვერს“ 19:10 მოუგო.
ბე ჯგუფში ორ-ორი მოგება კიდევ ორ კლუბს – იტალიურ „პრო რეკოს“ და უნგრულ „ფერენცვაროშს“ აქვთ. ესპანურმა „ტერასამ“ ჯგუფში ერთი მატჩი თბილისის “დინამოსთან” წარმატებით ჩაატარა, მეორე შეხვედრა კი ჯგუფის ლიდერ პრო რეკოსთან დათმო. ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ჯგუფის ორი შეხვედრიდან ვერც ერთის მოგება ვერ შეძლო „მარსელმა“, „ვასპო ჰანოვერმა“ და თბილისის “დინამომ“.
გათამაშების ა ჯგუფში დაუმარცხებლად ასპარეზობენ „ოლიმპიაკოსი“, „დუბროვნიკი“, და „შოლნოკი“
30 ოქტომბერს თბილისის „დინამოსა“ და „ბუდაპეშტის“ მატჩი ოლიმპიკის აუზზე 18:30 დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.