წურწუმია და აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
წურწუმია და აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყო ასპარეზობები.

კონტინენტის პირველობაზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ხუთი სპორტსმენი – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც ორნი – წურწუმია და აბულაძე ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებენ. წურწუმიამ მეოთხედფინალში თურქ ემრე მუტლუს 8:0 სძლია და ფინალში გასასვლელად მოლდაველ არტიომ დელეანუს შეხვდება. ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოთხედფინალში ლერი აბულაძემაც, რომელმაც უკრაინელი ალექსანდრ რუშინი 7:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გერმანელ კინსინგერს დაუპირისპირდება.

დღევანდელ ხუთ წონაში ნახევარფინალები 20:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენი სპორტსმენები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.