წლის პირველ მატჩში ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
წლის პირველ მატჩში ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი, სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

წლის პირველ შეხვედრას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან, ჩვენი გუნდი პირველ თებერვალს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს.

გამარჯვებული გუნდი წლის პირველ მატჩშივე მიიღებს პირველ ჯილდოს – რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთშეხვედრებში 2002 წლიდან თამაშდება. დღემდე თასი ბორჯღალოსნებმა 12-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ მოიგეს. 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“ რვაჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებს რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ აღარ წაუგიათ, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეტოქე 2016 წელს, 38:9 დაამარცხეს. შარშან გუნდებმა რუმინეთში, კლუჟში ითამაშეს და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 18:9 დაამარცხა.

ლევან მაისაშვილმა წლის პირველი შეხვედრისთვის არჩევანი ნაცად მორაგბეებზე შეაჩერა. რუმინეთთან მატჩს და ზოგადად რაგბი ევროპას გამოტოვებს ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

„სტეჟართან“ საქართველოს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. გამოცდილი ბურჯი პირველ თებერვალს ნაკრების კვართით მე-60 შეხვედრას ჩაატარებს. მასთან ერთად შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და ნოდარ ჭეიშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე იწყებენ. აღსანიშნავია, რომ სამივე მესამეხაზელი 23 წლისაა, ჭეიშვილმა და ცუცქირიძემ (ტრავმა) კი 2019 წლის მსოფლიო თასი გამოტოვეს და ნაკრებს ახლა უბრუნდებიან.

9 ნომრად თამაშს იწყებს ასევე 23 წლის ვასილ ლობჟანიძე და ის უკვე 50-ე კეპს მოიხვეჭს. მგეზავად მას ახალგაზრდა თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ცენტრში გიორგი კვესელაძისა და დავით კაჭარავას დუეტს ვიხილავთ. ფრთებზე თამაშს ალექსანდრე თოდუა და მირიან მოდებაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც მე-80 კეპს მოიხვეჭს.

მე-80-ე სანაკრებო მატჩია შალვა სუთიაშვილისთვისაც, რომელიც მეორე ხაზის მარქაფაშია. მესამე ხაზში შეცვლაზე ბექა საღინაძე შევა, ხოლო პირველ ხაზში გურამ გოგიჩაშვილს, გიორგი მელიქიძეს და გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ.

9 ნომრის მარქაფა გელა აფრასიძეა, ხაზის თამაშს კი ლაშა მალაღურაძე და სოსო მათიაშვილი გააძლიერებენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020

I ტური 1 თებერვალი

თბილისი. დინამო არენა. 18 საათი

საქართველო – რუმინეთი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი).

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი