ამერიკელმა სუპერმძიმეწონოსანმა დეონტეი უაილდერმა თანხმობა განაცხადა ამ წლის ბოლოს ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან ბრძოლაზე, – იტყობინება ESPN. ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა დიდ ბრიტანეთში უნდა ჩატარდეს. მხარეები მალე კონტრაქტს გააფორმებენ. ამის შესახებ დაწერა ამერიკელის მენეჯერმა შელი ფინკელმა.
“ჩვენ თანახმანი ვართ ჯოშუას პრომოუტერის ედი ჰირნის ყველა პირობაზე. დეონტეი მზადაა იჩხუბოს ბრიტანეთში. ჩვენ უფრო სხვა რამ გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ უაილდერს სურს ეს ბრძოლა, ამიტომაც წავედით დათმობებზე”, – აღნიშნა ამერიკელის მენეჯერმა ESPN-თან კომენტარში.
აღნიშნავენ, რომ კონტრაქტი ორ ბრძოლაზე გაფორმდება და მეორე შეხვედრა აშშ-ში გაიმართება. უაილდერის სავარაუდო ჰონორარი 15 მილიონი დოლარი იქნება.
32 წლის უაილდერი და 28 წლის ჯოშუა დაუმარცხებლები არიან პროფესიულ რინგზე. ჯოშუას 21 მოგება (20 – ნოკაუტით) აქვს. ის ფლობს საჩემპიონო ქამრებს IBF-ის, WBA-ს, WBO-სა და IBO-ის ვერსიებით. უაილდერი WBC-ის ჩემპიონია და პროფესიულ რინგზე 40 მოგება (39 – ნოკაუტით) აქვს.