წიტაიშვილს „ფერენცვაროში“ იწვევს - ნაკრების შემტევი „დინამო თბილისში“ ვარჯიშობს #1TVSPORT
წიტაიშვილს „ფერენცვაროში“ იწვევს - ნაკრების შემტევი „დინამო თბილისში“ ვარჯიშობს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი წიტაიშვილს უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ იწვევს და ტრანსფერის საკითხი უახლოეს საათებში გაირკვევა.

ოდესის „ჩერნომორეცის“ ქართველი შემტევი რუსეთის აგრესიის შემდეგ რამდენიმე დღე უკრაინაში გაჩერდა, შემდეგ კი საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა და ახლა „დინამო თბილისში“ ვარჯიშობს.

21 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე გიორგის მენეჯერმა ყველაზე კონკრეტული წინადადება „ფერენცვაროშისგან“ მიიღო, სადაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან. ეს გუნდი ბოლო წლებში უნგრეთის ჩემპიონატის უპირობო ფავორიტი, მიმდინარე სეზონში ლიდერი და ბოლო ორ სეზონში ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფური ეტაპის მონაწილეა.

გიორგი წიტაიშვილი დაიბადა რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში, სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა. კიევის „დინამოს“ აღზრდილი ამ გუნდის წევრი 2018 წლიდან გახდა. 2020 წელს იჯარით პოლტავასვორსკლაში“ გადავიდა, ხოლო 2021 წლიდან – ოდესის „ჩერნომორეცში“.

წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მან ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.