წიტაიშვილმა „ვისლას“ გულშემატკივრებს მიმართა - ბოდიში, რომ ვერ გავამართლეთ თქვენი მოლოდინი #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც კრაკოვის „ვისლაში“ თამაშობს, გუნდის გულშემატკივრებს ექსტრაკლასიდან (პოლონეთის უმაღლესი დივიზიონი) გამოვარდნის თაობაზე მიმართა და ბოდიში მოუხადა.
„ვისლა“ გასულ კვირას „რადლმიაკთან“ 2:4 დამარცხდა და დაქვეითების ზონის დატოვების შანსი დაკარგა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა.
„ძნელია სიტყვების პოვნა ლიგიდან გავარდნის შესახებ ემოციების აღსაწერად. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. მადლობა გულშემატკივრებს. დიდი მადლობა! თქვენ ყოველთვის გუნდთან ხართ, მიუხედავად შედეგებისა. ბოდიში, იმიტომ რომ ვერ გავამართლეთ თქვენი მოლოდინი. თქვენ, კრაკოვი და ამ ქალაქის კლუბი მხოლოდ გამარჯვებებს იმსახურებთ“, – წერს წიტაიშვილი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობდა, მაგრამ, ომის გამო უკრაინაში ჩემპიონატი ჩაიშალა და გიორგი იძულებული გახდა, აპრილის დასაწყისში „ვისლაში“ გადასულიყო. მას შემდეგ კრაკოვის გუნდში 6 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ვისლაში“ წიტაიშვილის იჯარის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.