წიტაიშვილმა ესპანეთში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „გრანადა“ „სევილიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „გრანადაში“, რომელიც „სევილიასთან“ ამხანაგურ მატჩში 0:2 დამარცხდა.
მატჩი „სევილიის“ ბაზაზე გაიმართა და ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. სევილიელებმა სოუსასა (22-ე წუთი) და საულის (51) გოლებით მოიგეს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „გრანადას“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ჯერ ფიზიკური კონდიციების აღდგენასა და გუნდთან ადაპტაციას ცდილობს. ამიტომ მწვრთნელმა გილერმო აბასკალმა წიტაიშვილი შეცვლაზე ათამაშა და მოედანზე მე-60 წუთზე შეუშვა.
„გრანადამ“ საგოლე მომენტები ამის შემდეგ შექმნა, მაგრამ ბოიერისა და კორბეანუს დარტყმები „სევილიას“ მეკარე ფლორესმა მოიგერია და ანაგრიში აღარ შეცვლილა.
„გრანადა“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 8 აგვისტოს საუდის არაბეთის „ალ-ვეჰდასთან“ გამართავს, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის სეზონს კი 15 აგვისტოს „ალბასეტესთან“ საშინაო მატჩით გახსნის.