წიტაიშვილის საგოლე შეტევა და კაკაბაძის გუნდის მოგება - პოლონეთის ჩემპიონატში ვითარება გამწვავდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა კრაკოვის „ვისლაში“ გადასვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა – მისი გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში ვროცლავის „შლიონსკს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა.
გიორგიმ „ვისლაში“ მეორე შეხვედრა ჩაატარა, ამჯერად სასტარტო თერთმეტეულში იყო და 74 წუთი ითამაშა. სტუმართა ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე ელვის მანუმ ქართველი ფეხბურთელის განვითარებული შეტევის შემდეგ გაიტანა. 27-ე წუთზე წიტაიშვილს გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ ახლოდან არაზუსტად დაარტყა. 38-ე წუთზე კი საჯარიმოში ფინტებით მცველებში ეფექტურად გაძვრა, მაგრამ მიზანს ისევ ააცილა. შეხვედრა კი 1:1 დასრულდა და კრაკოველებმა მდგომარეობა საკმაოდ გაირთულეს.
მეორე კრაკოვულ კლუბში „კრაკოვიაში“ შეცვლაზე ითამაშა ოთარ კაკაკბაძემ – საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, მისმა გუნდმა კი ლუბინის „ზაგლებიე“ მე-8 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა.
29 ტურის შემდეგ „ვისლა“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და გავარდნის კანდიდატია, „კრაკოვიამ“ კი (38 ქულა, მე-8 ადგილი) ჩემპიონატიოს ფინიშამდე 5 ტურით ადრე ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგა, მაგრამ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ქულები ჯერ კიდევ სჭირდება.
ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხმა“ და ვაკო გვილიას და ლუკა გაგნიძის „რაკუვმა“, ისევე როგორც „პოგონმა“, 59-59 ქულა დააგროვა და ტურნირის ლიდერთა ტრიუმვირატში არიან.