წიტაიშვილის „გრანადამ“ „მალაგა“ ვერ დაამარცხა - ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ განაცხადში მოხვდა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-6 ტურში „მალაგას“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა – 2:2.
საქართველოს ნაკრების მცველი ესპანურ კლუბში მარჯვენა ფლანგის შემტევ ნახევარმცველად თამაშობს და აქტიური იყო – გიორგიმ ტაიმის ბოლოს ორჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ ჯერ მიზანს ააცილა, შემდეგ კი მეკარეს ვერ აჯობა.
წიტაიშვილმა მეორე ტაიმშიც გაამწვავა შეტევები და ორჯერ კარის წინ რიკარდ სანჩესი მოძებნა, რომელმაც მშვენიერი შანსები გაანიავა. თუმცა წიტაიშვილის წამოწყებული იერიში 56-ე წუთზე შედეგიანად მაინც დასრულდა. გიორგიმ ქუსლით შეტევა ფლანგზე გააგრძელა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კი კარში კარლოს ნევამ გააგზავნა.
სტუმრებმა წონასწორობა სულ რაღაც ოთხ წუთში აღადგინეს. ალბანელი თავდამსხმელის, მირტო უზუნის გოლმა (77-ე წუთი) „გრანადა“ მეორედ დააწინაურა. თუმცა დამატებულ დროში მასპინძლებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს და ნელსონ მონტემ ანგარიში ისევ გაათანაბრა – 2:2. 90+6-ე წუთზე „გრანადას“ მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ შონ ვაისმანმა პენალტი ვერ გამოიყენა.
დაჩი ლორთქიფანიძე პირველად მოხვდა „კრემონეზეს“ განაცხადში, რომელიც იტალიის სერია B-ს მე-6 ტურში „კატანძაროს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. თუმცა დაძაბულ შეხვედრაში მწვრთნელმა ქართველის მოედანზე შეშვება ვერ გარისკა. ლუკა ლოჩოშვილი კრემონელებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა. ამ მოგებით „კრემონეზე“ მეორე ადგილზე დაწინაურდა.