წიტაიშვილი ოდესელთა ფლანგზე ყველაზე წარმატებულად გამოიყურება - ტრავმირებულმა ვაჩიბერაძემ შეკრება გამოტოვა #1TVSPORT
თურქეთში შეკრებაზე ოდესის „ჩერნომორეცმა“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ყირგიზეთის „დორდოისთან“ გამართა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
ოდესელთა შემადგენლობაში საკონტროლო შეხვედრებში არ ჩანდა ქართველი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე. მიზეზი უკრაინულ მედიაში მხოლოდ ახლა გაჟღერდა. „უა-ფუტბოლის“ ცნობით, 26 წლის ქართველი საყრდენი ტრავმირებულია და გუნდთან ერთად მეორე თურქულ შეკრებაზე არ წასულა.
„ჩერნომორეცში“ ყირგიზების წინააღმდეგ გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. „უა-ფუტბოლის“ ჟურნალისტი იგორ იურიჩი წერს, რომ 21 წლის ქართველი შემტევი გუნდის ახალი მწვრთნელის, „ჩერნომორეცში“ შვიდი წლის შემდეგ დაბრუნებული რომან გრიგორჩუკისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშე გახდა. ამავე დროს, ავტორი წერს იმ მიზეზებზე, რის გამოც ქართველი თავდამსხმელი დროებით დაცვაში დახიეს.
„ოდესელთა შეტევის ფლანგები ყველაზე წარმატებულად გამოიყურება. დამაჯერებელ შთაბეჭდილებას ტოვებენ სლოვენიელი ვანცაში მარცხნივ და წიტაიშვილი მარჯვნივ… ექსპერიმენტების ობიექტი გახდა დაცვის ფლანგები. სუხოცკის და მოროზიუკის ავადმყოფობამ აიძულა გრიგორჩუკი, რომ ამ პოზიციებზე დროებით წიტაიშვილი მოესინჯა“, – ვკითხულობთ „უა-ფუტბოლში“ გამოქვეყნებულ წერილში.