წიტაიშვილი „მარიუპოლთან“ დაშავდა - გიორგი მარტში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება [ვიდეო] #1TVSPORT

უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში პოლტავის „ვორსკლამ“ გასვლაზე „მარიუპოლი“ 1:0 დაამარცხა. მაგრამ პოლტაველებისთვის მატჩი უსიამოვნოდ დასრულდა – საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე, „ვორსკლას“ ქართველი ფლანგის შემტევი, გიორგი წიტაიშვილი დაშავდა.

20 წლის ქართველი, რომელიც კიევის „დინამოდან“ პოლტავასვორსკლაში” იჯარით გადავიდა, მოედანზე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, მაგრამ მხოლოდ 18 წუთი ითამაშა და 84-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი „მარიუპოლის“ მოთამაშის, ვიაჩესლავ ტანკოვსკის უხეშობა გახდა, რომელმაც წიტაიშვილი უხეშად მოცელა. მართალია, ამისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მოედანი წიტაიშვილთან ერთად დატოვა.

„აშკარად რაღაც სერიოზული შეემთხვა. ერთი შეხედვით, ეს ტერფის მოტეხილობას ჰგავდა“, – განაცხადა მატჩის შემდეგ „ვორსკლას“ მთავარმა მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა.

მოგვიანებით, ფეხბურთელის მდგომარეობაზე ინფორმაცია პოლტავასვორსკლას“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ცნობილი გახდა, რომ გიორგი წიტაიშვილი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

„გამარჯვების მიუხედავად, სამწუხაროდ, „მარიუპოლთან“ მატჩს დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის ბოლოს, მეტოქის ფეხბურთელის მორიგი უხეშობის შემდეგ, გიორგი წიტაიშვილი დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეეძლო. ექიმებმა ნახევარმცველს მარცხენა ფეხის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. გამოჯანმრთელების სავარაუდო პერიოდი დაახლოებით ორი თვეა“, – წერია „ვორსკლას“ განცხადებაში.

ჟურნალისტ ოლეგ იაშჩუკის თქმით, მოთამაშეს ოპერაცია დასჭირდება. წიტაიშვილმა „ვორსკლაში“ 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ეს ტრავმა იმას ნიშნავს, რომ გიორგი საქართველოს ნაკრებს მარტის შეხვედრებზე ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი უკრაინაშია გაზრდილი. 20 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და „ჯვაროსნების“ სახელით თამაში წელს გადაწყვიტა.