ექსკლუზივი | როგორ გადაიბირეს წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში - ოცწლამდელთა მუნდიალის გამარჯვებული ქართული პასპორტის მოლოდინშია [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხმა ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, თუ როგორ მოახერხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიევის „დინამოს“ შემტევის, გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გადაბირება.

წიტაიშვილი 2019 წელს 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში გახდა. გიორგიმ სამხრეთ კორეასთან გადამწყვეტ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის „დინამოდან“ პოლტავასვორსკლაში“ იჯარით გადასულმა გიორგი წიტაიშვილმა საერთაშორისო დონეზე საქართველოს ნაკრებში თამაში პაპის, ბორის კვარაცხელიას თხოვნით გადაწყვიტა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ახლობლების თხოვნას დაჰყვა.

სინამდვილეში ეს სხვაგვარად იყო. გიორგის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ერთი თვის წინ დაუკავშირდნენ და საქართველოს სახელით თამაში შესთავაზეს, რაზეც თანხმობა განაცხადა, რადგან ეს მისი ბავშვობის სურვილი იყო. შემდეგ ეს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რუსლან როტანს და კიევის „დინამოს“ პრეზიდენტს, იგორ სურკისს (რომელმაც მის გაზრდაში დიდი წვლილი შეიტანა) აცნობა. წიტაიშვილი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მის კაპიტნად მოიაზრებოდა.

საფეხბურთო მოქალაქეობის შესაცვლელად აუცილებელი პროცედურებიც უკვე დაწყებულია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გიორგი წიტაიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, ხოლო თავად ფეხბურთელმა საამისოდ საჭირო პროცედურები ონლაინ რეჟიმში ოთხი დღის წინ გაიარა და დღე-დღეზე ელოდება, რომ საქართველოს პასპორტს მიიღებს.

გიორგის მამა, კობა (კლიმენტი) წიტაიშვილიც საქართველოს ნაკრების, ზუგდიდის „ოდიშის“, თბილისის „შევარდენის“ და თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი იყო და თემურ ქეცბაიასთან ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა.