ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თენგო წიქარიძე რუსულ კლუბში, ტომსკის „ტომში“ გადავიდა და ყაზანის „რუბინთან“ საკონტროლო შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა.
„ტომში“ ქართველი ნახევარმცველი თურქული შეკრების დაწყებამდე, იანვრის ბოლოს ჩაირიცხა. კლუბის ვებგვერდის ცნობით, 25 წლის წიქარიძემ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე გააფორმა, „გუნდთან“ ერთად სრული დატვირთვით ემზადება და საკონტროლო მატჩებს ატარებს.
წიქარიძე დაიბადა გორში და კარიერა „დილაში“ დაიწყო, სადაც 2012 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა და ერთი პერიოდი, გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ ტარვმის გამო კარიერა აერია, შემდეგ გადავიდა ქობულეთის „შუქურაში“. ასევე ითამაშა და ქუთაისის „ტორპედოში“. 25 წლის ნახევარმცველის ბოლო კლუბი გახლდათ საჩხერეს „ჩიხურა“, სადაც გასულ სეზონში ითამაშა 15 მატჩი, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ტომსკს“ რუსეთში პოპულარული ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე კერჟაკოვი ავარჯიშებს, რომელიც პეტერბურგის „ზენიტის“ ფორმით თამაშობდა და რუსული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია (233 გოლი). ამავე დროს, არის ზენიტის” (161 გოლი) და რუსეთის ნაკრების (30 გოლი) ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. ითამაშა „სევილიაში“ და ამ გუნდში გახდა უეფა-ს თასის გამარჯვებული (2007), ესპანეთის თასის (2007) და ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული (2007).
თუმცა, კერჟაკოვს სამწვრთნელო საქმიანობაში ისე არ უმართლებს, როგორც მოთამაშის კარეირაში – მისი გუნდი პირველ ლიგაში საშემოდგომო ეტაპის შემდეგ 21-ე ადგილს იკავებს და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.