წინანდალში ქართველი მწვრთნელებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო კურსი გაიმართა #1TVSPORT
წინანდალში ქართველი მწვრთნელებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო კურსი გაიმართა #1TVSPORT

წინანდალში უეფა-ს მწვრთნელთა განათლების პროლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

კურსი 31 მწვრთნელმა გაიარა, რომლებმაც სწავლების მიმდინარეობისას ინფორმაცია მიიღეს სავარჯიშო მეთოდოლოგიაზე, ლიდერობაზე, რონდოს ფილოსოფიაზე, პრესინგზე, სტანდარტულ სიტუაციებზე.

ღონისძიებას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ. კურსზე იმყოფებოდა უეფა-ს ტექნიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი ფრენკ ლუდოლფი.

„მწვრთნელთა განათლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასიხარულოა, რომ დღეს პროლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის კიდევ ერთი სასწავლო კურსი გავმართეთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციის გუნდს და მათ ხელმძღვანელს, ფრენკ ლუდოლფს, რომელიც პირადად იმყოფებოდა ამ კურსზე. ამჟამად უეფა-ს პროლიცენზია 40-მდე ქართველ მწვრთნელს აქვს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ.

2023 წელს, 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში უეფა-ს მწვრთნელთა სამიტი გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და უეფა-ს წევრი 55 ფედერაციის გარდა, წარმოდგენილი იქნებიან სხვა კონფედერაციები, ტექნიკური დირექტორები, მთავარი მწვრთნელები, გენერალური მდივნები. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის ღონისძიების ჩატარების უფლება გვაქვს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უეფა-ს გუნდს, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც Jira Panel-ის წევრებით, ისე უეფა-ს ტექნიკური დეპარტამენტისა და ტექნიკური განვითარების კომიტეტის სახით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სათანადოდ ვუმასპინძლოთ აღნიშნულ სამიტს“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

გიორგი ჭიაბრიშვილი („დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი): „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ჩვენი განათლებისთვის. იშვიათია, როდესაც მწვრთნელს მშობლიურ ქვეყანაში ეძლევა პროლიცენზიის კურსის გავლის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი იყო ის გარემო და ინფორმაცია, რომელიც აქ მივიღეთ. ეს არის მთავარი, რაც სჭირდება მწვრთნელს, რათა გაიზარდოს, როგორც პროფესიონალი“.