წერილი გერმანულ მედიაში - საქართველოს ნაკრებს არაერთი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია #1TVSPORT
პოპულარულმა გერმანულმა გამოცემამ, „კიკერმა“ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე წერილი გამოაქვეყნა და ევრო 2023-ზე ნაკრების შემადგენლობას „ოქროს თაობა“ უწოდა.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიურპრიზი – საქართველოს „ოქროს თაობა“
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასეთი გამოსვლა სიურპრიზი იყო. აუტსაიდერად შერაცხილი გუნდი პლეი ოფში „სიკვდილის“ ჯგუფიდან გავიდა. ვიდრე მოთამაშეები მოედანზე ყველას აოცებდნენ, ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლები რეკორდებს ამყარებდნენ და ქართველ ფეხბურთელებს არ ჩამორჩებოდნენ.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ფავორიტების ნაწილი ვერ გავიდა, საქართველო კი ზღაპრის წერას განაგრძობდა. ქვეყანამ (3,7 მილიონი მოსახლით), რომლის ეროვნული ნაკრები ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში 78-ე ადგილზეა, ტურნირზე დასწრების რეკორდი გააუმჯობესა. მეოთხედფინალი, რომელიც მხოლოდ 27 223 ტევადობის „მიხეილ მესხის“ სტადიონზე უნდა გამართულიყო, „ბორის პაიჭაძის სახელობის“ სტადიონზე უაღრესად მაღალი ინტერესის გამო გადაიტანეს (54 549 მაყურებელს იტევს).
ქართველებს საშინაო ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი დააკლდათ – „ნაპოლის“ გმირი ხვიჩა კვარაცხელია. მიუხედავად ამისა, რამაზ სვანაძის გუნდი დამაჯერებელი იყო არა მხოლოდ შესანიშნავი ტექნიკით, რომლითაც ქართველებს ბუნდესლიგაში „ფრაიბურგის“ პერიოდიდან იცნობდნენ, არამედ საბრძოლო სულისკვეთებითაც. მაგალითად, 22 წლის ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდებთან მაყურებელი განუმეორებელი სოლოგოლით მოხიბლა, ბელგიასთან კი გუნდმა დაამტკიცა, რომ ქულების მოსაპოვებლად ბრძოლა შეუძლია.
საქართველომ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რთულ ვითარებაში იყო, შეიძლება, „ოქროს თაობის“ დახმარებით ახალი საფეხბურთო ოცნებით იცხოვროს. ამ ქვეყნის ნაკრებს ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს – „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი (22), გიორგი მიქაუტაძე (22), რომელმაც „მეცი“ ლიგა 1-ში გადაიყვანა (23 გოლით) და „ჰამბურგის“ ყოფილი მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე. ცოტა ხნის წინ მიუნხენის „ბაიერნში” 18 წლის ლუკა პარკაძე ჩაირიცხა. „დინამო თბილისი“ აგრძელებს საუკეთესო ახალგაზრდების აღზრდას. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ნახევარი დედაქალაქურ კლუბში ვარჯიშობდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ენთუზიაზმით სავსეა
ეროვნული ნაკრებიც 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ხალხს ოცნებისკენ უბიძგებს. 2022/23 წლების სეზონში მთავარმა გუნდმა ზედიზედ რვა მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარა „ბაიერნის” ყოფილი მოთამაშის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით. ის მწვრთნელის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. საქართველომ ასევე წარმატებით დაიწყო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი.
ეიფორიაში მყოფი გულშემატკივრების თანადგომით, საქართველოს არაერთი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ დიდი შთაბეჭდილება დატოვა“, – წერს „კიკერი“.