წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის (მინიფეხბურთის) ნაკრებმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ირლანდიასთან გამარჯვებით დაიწყო – 2:1.
ჩვენი გუნდი International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მოხვდა. ირლანდიასთან მატჩის პირველ ტაიმში (20-წუთიანი ტაიმებია) მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა 0:0.
მთავარი ამბები შესვენების შემდეგ მოხდა. 30-ე წუთზე ანგარიში კიკნაძემ გახსნა. ირლანდიელებმა ანგარიში 37-ე წუთზე გაათანაბრეს, მაგრამ შეხვედრის ბოლო (მე-40) წუთზე ჯალიაშვილმა წინ გაგვიყვანა და საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოიგო.
პირველი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად International Socca Federation-მა საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების კაპიტანი ილია გადელია დაასახელა.